Thursday, March 20, 2014

შესავალი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტში 2


თემა I

სათამაშო გართობის ინდუსტრია

      აზარტული თამაშები, როგორც გართობის ინდუსტრიის დარგი, თავის თავში მოიცავს სხვადასხვა მიმართულებების ფართო დიაპაზონს, თუმცა ამ შემთხვევაში ძირითადად საუბარი იქნება კაზინოზე. სწორედ კაზინო წარმოადგენს აზარტული თამაშების საფუძველს, როგორც გართობის ინდუსტრიის ნაწილი. მისი სწრაფი განვითარების გამო მასპინძლობის ინდუსტრიის საბაზო საფუძვლების ცვლილებები განხორციელდა. თავად პროდუქტიც სხვაგვარი გახდა, უფრო კომპლექსური და მიმზიდველი.
     აშშ–ში აზარტული თამაშების დარგი მოიცავს 48 შტატში 432 კაზინოს (განთავსებულს არა მხოლოდ მიწაზე, არამედ წყალზეც), ბანქოს ოთახებს, ლატარიებს, საქველმოქმედო თამაშებს, ტოტალიზატორებს. იმდენად დიდია აზარტული თამაშების წილი გართობის ინდუსტრიაში, რომ ძნელიც კია ამის დაჯერება. აშშ–ში ყოველწლიურად ფსონებში და თამაშებში 70 მილიარდ დოლარზე მეტი ბრუნავს, რომელიც შვიდჯერ აჭარბებს კინოთეატრების შემოსავლებს. სწორედ ეს უზარმაზარი თანხაა სათამაშო ბიზნესის საბაზო კონცეფციის საფუძველი. უკვე 2008  წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ახალგაზრდების 25 პროცენტი კაზინოში მოსიარულეთა რიცხვს განეკუთვნებოდა და მიმდინარე ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი ალბათ გაიზრდება უახლესი მომავლისათვის.
     აზარტული თამაშების ბაზრის მიმდინარე ზრდის ტენდენციას ხელს უწყობს სამი ფაქტორი. პირველი –– მომხმარებლის გემოვნების ცვლილება, როდესაც ადამიანები თამაშს უყურებენ, როგორც გართობის ლეგიტიმურ ფორმას, ვიდრე თამაშს, რომლითაც გატაცებული არიან საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანები. მეორე –– კომფორტი. ადამიანის აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილებაზე მოქმედებს ის ფაქტორი, რომ აზარტული თამაშების დაწესებულება სახლთან ახლოს მდებარეობს და გარდა ამისა არსებობს მრავალი ხელმისაწვდომი ადგილი აზარტული თამაშებისათვის –– ეროვნულ პარკებში (რეზერვაციები) და გემებზე. (გემებზე განთავსებულმა თანამედროვე კაზინოებმა განვითარება ჰპოვა მხოლოდ 1991 წლიდან, როდესაც აიოვას შტატში განხორციელდა პირველი სათამაშო კაზინო–გემის ლეგალიზაცია. 1994 წლისათვის უკვე 40 ასეთი კაზინო–გემი არსებობდა, 2008 წელს კი  უკვე 88 ასეთი გემი შევიდა ექსპლუატაციაში. ზოგიერთი გემი მხოლოდ კაზინოსათვისაა განკუთვნილი, რომელთა საერთო შემოსავალი 11 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. გემზე განთავსებული კაზინოების ბაზარი კვლავ განაგრძობს ზრდას, თუმცა ნელი ტემპით). მესამე უმთავრესი ფაქტორი, რის გამოს აზარტული თამაშების ბიზნესი ასე ფართოდაა ნებადართული არის ის, რომ გაიზარდა სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ფინანსური ხარჯები. აზარტული თამაშების ახალ დაწესებულებებს ხშირად ძლიერ მაღალი გადასახადები ეკისრებათ. დაცემის მაღალი პროპორცია (ფსონის საფუძველზე დადებული გარიგების რაოდენობა) მომგებიანი ხდება (მოგება დაწესებულების სასარგებლოდ), ხოლო მოგებათა მაღალი პროპორცია სახელმწიფოს მიერ იბეგრება. მაგალითად, 2008 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კაზინოების საერთო კონტრიბუციამ, პირდაპირი გადასახადების გზით,  5. 66 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ისეთი შტატებისათვისაც კი, რომლებიც არ ბეგრავენ აზარტული თამაშების დაწესებულებებს, დასაშვებია ,,საჩუქრების” გაკეთება, ასეთი ,,საჩუქრების“ რაოდენობა შტატისათვის, ხშირად ათობით მილიონი აშშ დოლარს აღწევს.
     რა განასხვავებს აზარტულ თამაშებს სხვა თამაშებისაგან? როგორც განმარტებიდან ჩანს, აქ არის რისკი დაკავშირებული აზარტთან და შანსთან, რომ ან მოიგებ ან წააგებ. ნამდვილი მოთამაშეები ცდილობენ საფუძვლიანად შეისწავლონ თამაშის ყველა ნიუანსი და მაქსიმალურად გაზარდონ მოგების შანსები, რათა საბოლოო ჯამში უფრო მოიგონ, ვიდრე წააგონ.  აზარტულ მოთამაშეს ნაკლებად აინტერესებს თუ რა ხდება მის გარშემო, მისი ფიქრი და გრძნობები მთლიანად თამაშშია ჩართული. ცნობილია, რომ ასეულ ათასობით ადამიანს, რომლებიც ჩადიან ლას–ვეგასსა და ატლანტიკ–სიტიში,  უყვართ სათამაშო მაგიდების სპეციფიკური სიმწვანე, რულეტკის ბორბლის ტრიალი, მაგიდაზე ფიშკების გაცურება და თამაშის საერთო აზარტი. ბრჭყვიალა სათამაშო ავტომატები, რომლებიც ციმციმებენ და გამოსცემენ მუსიკალურ ხმებს, სპეციფიკური ჩხრიალი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ვიღაცამ მოხსნა ჯეკ–პოტი, ემოციური და მხიარული შეძახილები სტუმრებისა, ვისაც თამაშში გაუმართლა, – ეს ყველაფერი მხოლოდ კაზინოშია. ამიტომ აზარტული თამაშები, რომლებიც 1976 წლამდე მხოლოდ ორ ადგილას იყო ნებადართული, დღესდღეობით საოცარი სისწრაფით ვრცელდება და იგი უკვე აშშ–ს 48 შტატს მოიცავს.
     არც თუ ისე დიდი ხნის წინ, საკმარისი იყო რამდენიმე სათამაშო ავტომატისა და თუნდაც ბლეკ–ჯეკის მაგიდის ქონა იმისათვის, რომ სტუმრები გყოლოდა. მაგრამ კაზინოების დინამიური განვითარების ტემპებმა საოცრად გაზარდა კონკურენცია და გაჩნდა მოთხოვნილება უფრო კომპექსურ და კარგ პროდუქტზე. სწორედ გართობის ინდუსტრიის ეს პროდუქტი, რომელიც ბოლო ათწლეულების მანძილზე გაჩნდა, იწოდება აზარტულ თამაშებად.
     აზარტული თამაშები, როგორც გართობის ინდუსტრიის ნაწილი – ეს არ არის მხოლოდ თამაში, სადაც რისკის ფაქტორი აღელვებს და იზიდავს მონაწილეს, არამედ გართობის სხვა საშუალებებიც, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან გართობისა და დასვენების საერთო პაკეტს. კაზინოს თანამედროვე კონცეფცია აზარტულ თამაშებს უთავსებს გართობისა და დასვენების სხვა კომპონენტებს და ქმნის კომლექსურ პროდუქტს. აზარტული თამაშების, როგორც გართობის ინდუსტრიის ნაწილის მწვერვალი არის „სუპერდაწესებულება გართობისათვის“( „Circus Circus”-ის პრეზიდენტმა გლენ შეფფერმა ასე უწოდა). ეს არის უზარმაზარი შენობა ორიგინალური არქიტექტურით, ათასობით დარბაზებით, მიმზიდველი გასართობი ატრაქციონებით და რა თქმა უნდა, უზარმაზარი კაზინოთი. ესე იგი, აზარტული თამაშები, როგორც გართობის ინდუსტრიის ნაწილი, ესაა ბიზნესი, სადაც აქცენტი კეთდება კაზინოში თამაშზე. აქედან გამომიდინარე მასპინძლობისა და გართობის ინდუსტრიაში გამოიკვეთა მომსახურებების ახალი გლობალური ბაზარი. შესაბამისად, აზარტული თამაშების შემდეგ, ამ ბიზნესში  მნიშვნელოვანი ელემენტი არის უმაღლესი ხარისხის საკვები და სასმელები. ამას მოჰყვება ასევე მაღალი ხარისხის სასტუმრო ნომრები, ბანკეტები, შოუები მსოფლიოს საუკეთესო მსახიობებითა და უახლესი ტექნოლოგიებით, თემატური პარკები და გასართობები და სხვა მომსახურება. ეს უკვე თანამედროვე აზარტული თამაშების დარგის შემადგენელი ნაწილია. მსოფლიოში მსხვილი სასტუმრო კომპლექსების დიდი ნაწილი სწორედ აზარტული თამაშების უმსხვილესი დაწესებულებების ტერიტორიებზეა განლაგებული. შემოსავლის წყაროებიც ამ ინდუსტრიაში უკვე მხოლოდ კაზინოს მოგება–წაგებით აღარ განისაზღვრება.

     თანამედროვე კურორტები ლას–ვეგასი და ატლანტიკ–სიტი ესაა აზარტული თამაშების მექა, როგორც გართობის ინდუსტრიის ნაწილი. თუმცა 70–80 წლის წინ ლას–ვეგასი იყო ერთი მტვრიანი, უდაბნოს პატარა ქალაქი, რომელიც დღეს წარმოადგენს ამერიკული ოცნების განხორციელების სახეს, არის მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე თანამედროვე ქალაქი და საოჯახო დასვენების საოცნებო და სასურველი ადგილი.  აზარტული თამაშების საფუძველი სწორედ ლას–ვეგასიდან იღებს სათავეს. 1940–იანი წლების დასაწყისიდან 1976 წლამდე ლას–ვეგასს ჰონდა მონოპოლია კაზინოსთან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ ბიზნესში, თუმცა მაშინ იგი არ განიხილებოდა, როგორც გართობის ინდუსტრიის დარგი ფართო გაგებით. მაშინდელ კაზინოებს არც სასტუმრო ნომრები ჰქონდათ, არც სტუმრების გართობით იყვნენ დაკავებულნი და არც დამატებით მომსახურეობებს  სთავაზობდნენ. იმდროინდელი ქალაქის სასტუმრო იყო ადგილი, სადაც კაზინოს სტუმარს შეეძლო მხოლოდ გამოძინება. ახლა ლას–ვეგასი უფრო მეტს სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს, ვიდრე მხოლოდ კაზინოები და სასტუმრო ოთახებია, ქალაქი ცნობილია ასევე მისი საოცარი სცენიური წარმოდგენებით, როგორიცაა მაგალითად, Cirque du Soleli, რომელსაც ამჟამად ექვსი სხვადასხვა წარმოდგენა აქვს დადგმული სხვადასხვა კაზინოში, The Mirage-ის სცენაზე  სიყვარულის თემაზე დადგმულ შოუზე ბითლზების მუსიკა უკრავს. ლუქსორში, რომელიც წარმოადგენს ეგვიპტური პირამიდის განსახიერებას, მდინარე ნილოსზე, სტუმრები ნავით მიჰყავთ სასტუმრო ოთახების ლიფტამდე. მრავალი ატრაქციონი აქ უფასოა,სასტუმრო ოთახების ფასები ლას–ვეგასში ყველაზე ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვა საკურორტო ინდუსტრიაში და შესაბამისად ხელმისაწვდომია კვებაც. დღესდღისობით თითქმის ყველა უმსხვილეს კაზინოში არსებობს რესტორანი, რომელსაც ცნობილი შეფ–მზარეული ემსახურება. ცნობილი შეფ–მზარეულებიდან, ტომ კოლიკიოს, რომელიც ამავდროულად ცნობილი სატელევიზიო პირია, აქვს საკუთარი რესტორანი. ლას–ვეგასში ფუნქციონირებს, ასევე, 140– მდე გოლფის მოედანი, გარდა ამისა არის ტენისის მრავალი კორტი და სხვადასხვა გასართობი და სპორტული დაწესებულებები. აქ არსებობს ასევე ბუნებრივად მიმზიდველი ატრაქციონები (მიმზიდველი ადგილები), აგრეთვე სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორიები საერთაშორისო კონვენციებისათვის, კონგრესებისათვის, გამოფენებისათვის და ა. შ.  
     ლას–ვეგასს, პირდაპირი მნიშვნელობით შეუძლია ტურისტებს შესთავაზოს ,,სრული პაკეტი“, აქ არ არსებობს სხვა ბიზნეს–სექტორი, გარდა ტურიზმისა, იმ საქმიანობების ჩათვლით, რომლებიც  ტურიზმს და ტურიზმში დასაქმებულებს ემსახურებიან. ლას–ვეგასი ექსკლუზიურია ტურისტული თვალსაზრისით, რადგან ქალაქი ლას–ვეგასი სწორედ ტურიზმმა შექმნა.
     მიუხედავად იმისა, რომ აზრტული თამაშები ჯერ კიდევ რჩება ლას–ვეგასის უმსხვილეს და უმთავრეს ბიზნესად, ქალაქის საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებად მაინც გართობა და დროის სასიამოვნოდ გატარება იქცა, აზარტულ თამაშებთან ერთად.
     ისე მოხდა, რომ კაზინოში აზარტული თამაშების ნებართვა  განიხილებოდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ქალაქ ატლანტიკ–სიტის ეკონომიკის აღდგენის უკანასკნელ საშუალებად. 1976 წელს ჩატარდა შტატის რეფერენდუმი, რომლის თანახმად ნიუ–ჯერსის შტატში ნება დაერთო აზარტულ თამაშებს. ამისათვის მიიღეს სპეციალური კანონი კაზინოს კონტროლის თაობაზე. ხელისუფლება კაზინოსა და მის მომსახურე სასტუმროებს უყურებდა,  როგორც ინვესტიციებისა და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის შანსს, როგორც გადასახადების გადამხდელს და ტურისტების მოზიდვის საშუალება, რაც მთლიანობაში საშუალებას მისცემდა დამატებითი ეკონომიკური ეფექტიანობისა და ქალაქის განვითარებისათვის ფინანსური გარემოს შექმნას. კანონით განისაზღვრა კაზინოს მოღვაწეობის სხვადასხვა მიამრთულებებზე მოსაკრებლები და გადასახადები, რომლებიც მიზნობრივად მიიმართებოდა მთელი შტატის მოხუცი და ავადმყოფი მოსახლეობის დახმარებისა და ატლანტიკ–სიტის აღმშენებლობის საინვესტიციო ფონდებში. ასე, რომ, კანონი, რომელიც შეიმუშავა სპეციალურმა კომისიამ კაზინოების კონტროლის შესახებ, იყო მიმართული არა მხოლოდ და არა იმდენად კონკრეტულად აზარტული თამაშების მოწესრიგებისათვის, რამდენადაც ატლანტიკ–სიტის ეკონომიკური აღორძინების უზრუნველსაყოფად.
     როგორც კი შედეგები გამოიღო ამგვარმა მიდგომამ ნიუ–ჯერსის შტატში, აიოვას შტატის ხელისუფლებამ მიიღო კანონი სამდინარო კაზინოების შესახებ. ამას მოჰყვა ანალოგიური ქმედებები ილინოისის, მისურის, მისისიპის, ლუიზიანას და ინდიანას შტატებში. კაზინოების რიცხოვნობის ზრდამ აშშ–სა და კანადაში და ამ ბიზნესში გაჩენილმა მაღალმა კონკურენციამ მისცა ბიძგი, რომ აზარტული თამაშები გადაქცეულიყო მასპინძლობისა და გართობის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს დარგად.
     ბევრი კაზინოა გახსნილი ინდიელების რეზერვაციებისა და ადგილობრივი ტომების ტერიტორიებზე. ამ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები მართავენ მათ და ისინი ლას–ვეგასის მსგავსად კომპლექსებს წარმოადგენენ.
     სტატისტიკის მიხედვით ამერიკული ოჯახების 26%, ანუ 51,2 მილიონი ადამიანი პერიოდულად თამაშობს კაზინოში. ამერიკული ოჯახების წევრები ყოველწლიურად სტუმრობენ კაზინოს 300 მილიონჯერ და 90%–ზე მეტი ამერიკელი ზრდასრული მოსახლეობისა თვლის, რომ კაზინოში გართობა მათთვისაც და სხვა ადამიანებისთვისაც დასვენების მისაღები ფორმაა.
     ლას–ვეგასი, ატლანტიკ–სითი, მისისიპის ყურის სანაპირო და ადგილობრივი კაზინო კონექტიკუტში, ამერიკის შეერთებული შტატებიში არსებული აზარტული თამაშების ძირითადი ბაზრებია, თუმცა მსოფლიოს სხვა კუთხეეებშიც არსებობენ აზარტული თამაშების მნიშვნელოვანი ბაზრები, მათ შორისაა:  ბრიტანეთი, (სადაც თითქმის 100 ახალი კაზინო გაიხსნა ორ წელიწადში), საფრანგეთი, ავსტრალია, მექსიკა, სინგაპური და აზიის სხვა ქვეყნები. ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ბაზრად შეიძლება ჩაითვალოს მაკაუ, რომელიც მეორე უმსხვილეს ბაზარს წარმოადგენს მსოფლიოში არსებული აზარტული თამაშების სფეროში (ლას–ვეგასის შემდეგ) და იგი კიდევ უფრო განვითარდება. ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც მაკაუ შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს აზარტული თამაშების სფეროში,ის არის,რომ მას ხელსაყრელი ადგილმდებარეობა გააჩნია, ახლოსაა ჩინეთთან და აზიის სხვა მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებთან.

     როგორც უკვე აღვნიშნეთ, აზარტული თამაშების ოპერატორები, როგორც გართობის ინდუსტრიის ნაწილი, ცდილობენ მომხმარებელს თამაშის გარდა შესთავაზონ სხვადასხვა სახის მომსახურებები და მიიზიდონ ისინი კარგი სასტუმრო ნომრებით, ექსკლუზიური რესტორნებით, მაღაზიებით და სხვა. როგორც კვლევებმა აჩვენა ლას–ვეგასში საშუალოდ სტუმარი 3–4 ღამე ჩერდება და შესაბამისად მისი დანახარჯები ასე ნაწილდება:  503 დოლარი აზარტული თამაშებზე,  75 დოლარი სასტუმროში თითოეულ ღამეში, 193 დოლარი – საკვებზე და სასმელზე, 51 დოლარი – ადგილობრივ ტრანსპორტზე,  83 დოლარი – საყიდლებზე, 45  დოლარი – შოუებზე და  8 დოლარი – სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებზე.
     რატომ ვითარდება ასეთი სისწრაფით აზარტული თამაშების ინდუსტრია?  საქმე ისაა, რომ ადამიანებს ძალიან მოსწონთ ფსონის დადება და ფორტუნასთან თამაში.  ამიტომ მოთხოვნა აზარტულ თამაშებზე იყო ყოველთვის ძალიან დიდი, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ დროთა განმავლობაში გართობის ინდუსტრიის ეს ნაწილი უფრო და უფრო დადებითი მახასიათებლებით გამოიკვეთა (ბიუჯეტში გადახდილი მილიარდობით დოლარი, ახალი სამუშაო ადგილები), ახალი ობიექტების გახსნის ნებართვის სიხშირე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. ითვლება, რომ კაზინოების რიცხოვნობის ზრდა ხელს უწყობს იმ ადგილის ეკონომიკურ გამოცოცხლებას, სადაც ისინია განლაგებული, ახალი კაპიტალდაბანდებებისა და სამუშაო ადგილების შექმნის შედეგად.
     არც თუ ისე დიდი ხნის წინ აზარტული თამაშების დარგის ძირითადი მოთამაშეები იყვნენ Venetian, Mirage Resorts, Harrah’s Entertainment, Hilton Hotel Corporation, ITT Corporation, Bellagio და  MGM Grand. დღეს ამ ბაზარზე მხოლოდ ოთხი გიგანტი ფუნქციონირებს: Park Place, MGM Mirage, Harrah’s და Mandalay Resorts Group. დიდი სისწრაფით ხდება გარდაქმნები ამ სფეროში და ძირითადი მონაწილეებისთვის დამახასიათებელი გახდა საკუთრების დივერსიფიკაციული პორტფელიოს ქონა და ბიზნესის სამყაროში მკვიდრი ადგილი, რაც უკვე უოლ–სტრიტზე დიდ პატივისცემას იმსახურებს.
     მაგალითისათვის, Mandalay Resorts Group მართავს ძირითადად ლას–ვეგასში განთავსებულ კაზინო–სასტუმროებს: Mandalay Bay, Luxor, Excaliber, Monte Carlo და Circus Circus. იგი ასევე ფლობს ქონებას ნევადის სხვა რეგიონებშიც, ასევე ტუნიკაში (მისისიპი), ელგინეში (ილინოისი) და დეტროიტში (მიჩიგანი).
     ასევეა ერთ–ერთი გეოგრაფიულად ყველაზე დივერსიფიკაციული კომპანია Harrah’s Entertainment, რომელიც ფლობს და მართავს კაზინოებს აშშ–ს აზარტული თამაშების ბაზრის მთელ სივრცეში, მათ შორის პორტებსა და თბომავლებზე, აგრეთვე არიზონასა და ვაშინგტონის შტატის ინდიელთა რეზერვაციებში. კომპანიის საბაზრო ღირებულება 1,5 მილიარდი აშშ დოლარია.
     ერთ–ერთი საოცარი პროექტი აზარტული სათამაშო გართობის ინდუსტრიაში არის მირაჟი (Mirage). ლას–ვეგასის ცენტრში განთავსებული ეს საოცრება სანახაობრივი, ტექნოლოგიური, კონცეპტუალური და ფანტასტიკური იდეების ხორცშესხმული განსახიერებაა.
     ასეთივე საოცრებაა Luxor Las Vegas, რომელიც კორპორაცია Circus Circus–ის მმართველობის ქვეშაა. ესაა 30 სართულიანი პირამიდა, რომლის წვერიდან ატყორცნილი შუქი ლოს–ანჟელესიდანც (კალიფორნიის შტატი) კი ჩანს. მისი 4 500 ნომრის ინტერიერი გაფორმებულია ძველეგვიპტური არქიტექტურის სტილით. ჰოლში განთავსებულია რამზეს II სამარხის ასლი ნატურალური სიდიდის და ეგვიპტური შენობების კედლების ნაწილი. მუზეუმში ნახავთ იმ ნივთების ასლებს, რომლებიც ეგვიპტელი ფარაონის ტუტანჰამონის სამარხში იქნა ნაპოვნი. სტუმრებს აქვე ელოდებათ დროის თეატრი, სადაც IMAX–ის აუდიოვიზუალური აპარატურა იძლევა სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღების საშუალებას.
     ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ისეთ პროექტებზე, როგორიცაა Wild West Casino, Star Trek, Grand Casino Tunika, Monte Carlo, Bellagio, alladin, MGM Grand და სხვა. ესენია უზარმაზარი, გასაოცარი მეგაკურორტები – აზარტული თამაშების, გართობისა და მასპინძლობის ინდუსტრიის უნიკალური პროექტები.
     კარიერული წინსვლის საშუალებები და პოზიციონირება აზარტული სათამაშო გართობის ინდუსტრიაში არის მართლაც  უსაღვრო. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ ხუთი პოზიციიდან მათთვის მისაღები და დაეუფლონ პროფესიონალურ უნარ–ჩვევებს. ეს პოზიციებია: სასტუმრო, საკვები და სასმელი, კაზინო, საცალო ვაჭრობა და გართობის სფერო.

No comments:

Post a Comment